მეორედ გაფრენა სხვა პლანეტაზე

ეს  წიგნი  მეორედ დავიწყე და მაინც ისე  მივყვები, თითქოს სულპირველი წიგნია ჩემს ცხოვრებაში. ძალიან საინტერესოა, ხოლო ლელა მასის გემრიელი გაკვეთილი ხომ საერთოდ. ისე ეტყობოდა, რომ ბევრი იშრომა. რა გენიალური იდეები აქვს. მოგვიტანა თავისი გამომცხვარი ნამცხვრები და იქ ფურცლები ჩადო, ხოლო ორ გუნდად დაყოფილებს თანმიმდევრობით უნდა დაგველაგებინა უცხო სიტყვები. ჩვენ მოვასწარით, მაგრამ ყველაფერი აგვერია. შემდეგ მე და ნუცა ერთმანეთს ვეჯიბრებოდით – კითხვებს პასუხს ვინც გასცემდა, ის მოიგებდა და ბუშტსაც ის გახეთქავდა. მე და ნუცა, იმიტომ რომ პირველ კითხვას ორივემ სწორად ვუპასუხეთ. ბოლოს მაინც მე მოვიგე. ბუშტიც გავხეთქე, მაგრამ ეს იმდენად სასაცილო იყო, უნდა მოგიყვეთ. ჩვენ ძალიან ვხმაურობდით და ლელა მასმა  ბუშტი ზემოთ მაშინ ასწია, როცა მე გახეთქვას ვაპირებდი.

სულ დამავიწყდა მეთქვა, ნამცხვრები რატომ და არა შოკოლადი?! იმიტომ რომ ამ პლანეტის პირველ მაცხოვრებელს, ქალბატონ გლურჯს, ნამცხვრების ჭამა ძალიან უყვარდა.

რა საინტერესო დღე გვქონდა არა?!

ავტორი: თამარ წიკლაური

44845515_2133941413284556_3090290902900408320_n

44307970_2124627287549302_696040733542449152_n

Advertisements

დღეები სხვა პლანეტაზე

“ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე” –  ჩვენი კლასი ამ წიგნის მოთაყვანე გახდა. ლელა მასწავლებელი ამ წიგნის კითხვის დაწყებას გვთხოვს, ჩვენც, რა თქმა უნდა, მაშინვე ვიწყებთ კითხვას და ვერთვებით თავგადასავალში. ჯგუფებათ დავიყავით და როგორც გრამატიკული, ასევე წიგნთან დაკავშირებული სხვა დავალებები შევასრულეთ. ყველა ჯგუფს განსხვავებული დავალებები გვქონდა, მაგილითად: რადიოპიესა, როლური თამაში, გაყინული ეპიზოდი, სლაიდშოუ სათაურების  მიხედვით. ყოველივე მათგანი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. ახლა ლელა მასის ჯერია. ის როგორც შეგვპირდა, რაიმე საინტერესოს მოიფიქრებდა და ასეც მოხდა. ვიქტორინა, სხვადასხვა გრამატიკული დავალება და ა.შ.,  ხშირად ესწრებიან ჩვენს გაკვეთილებს… ახლა დამსწრე ფოტოგრაფი, ზურაბ ქურციკიძე გამოდგა. ძალიან საინტერესო პიროვნება მგონია, რადგან მეგობრულად გვექცეოდა. ეს აქტივობები წიგნის ბოლომდე გაგრძელდება. გამოდის წიგნის ბოლომდე ყოველ პარასკევს, საინტერესო დავალებებით გველის.

ამ ბლოგზე კიდევ გიამბობთ ჩვენი გაკვეთილების შესახებ, როცა სხვა პლანეტაზე მივფრინავთ ხოლმე.

                                                                    ავტორი: გიორგი გაფრინდაშვილი

გრძელი დღეები რაჭაში

მახსოვს, სკოლის ბოლო დღეები იყო. მე ვარჯიშიდან დაბრუნებული ვიყავი. ტელეფონს ჩავხედე და წერილი დავინახე. ლელა მასმა მომწერა, მეც, რა თქმა უნდა, მივწერე. შუა დიალოგის დროს კი მითხრა, რომ ივლისის  ბოლოს საზაფხულო სკოლას ვგეგმავო.  მე კი პრაქტიკულად ბარგის ჩალაგება დავიწყე, მაგრამ შეიძლებოდა ეს მხოლოდ რაჭველი ბავშვებისთვის ყოფილიყო ან თუნდაც ასაკი ყოფილიყო შეზღუდული, ჰოდა, მეც გადავწყვიტე მეკითხა. ლელა მასიც მაშინვე მიხვდა, რასაც ვცდილობდი და ზუსტად ასე მომწერა: „გიო, მოდი, ოღონდ შენ მოდი!“  მე, რა თქმა უნდა, დედაჩემს ვუთხარი და ისიც მარტივად დამთანხმდა. თურმე დედაჩემს ეგონა მე არაფერი არ მქონდა გარკვეული, არაფერი არ ვიცოდი და ამიტომაც ყურადღებაც არ მიუქცევია ამისთვის. მაისის ბოლო რიცხვები იყო, რომ მე დედაჩემს კიდევ ერთხელ მივმართე ამ ყველაფერზე. დედაჩემმა ასე მიპასუხა,  ნორმალური ხარ? არაფერი არ იცი, სად მიდიხარ და უცებ რაჭაში წაგიყვანოო.  მეც მივწერე ლელა მასს და გავარკვიე ყველაფერი. როგორც იქნა, დავითანხმე დედაჩემი. თუ უწერაში სასტუმრო არ გამოჩნდებოდა, დავრჩებოდი სახლში.

თანდათან ყველაფერი მოვაგვარეთ და გამგზავრების დღეც დადგა. წინა ღამეს დედაჩემს ტვინი წავუღე, დილით 6-ზე წავიდეთ-მეთქი. თვითონ ადგა 6-ზე, მაგრამ მე 8-ის 15 წუთზე ძლივს გავიღვიძე. ჩემი ძმა ვერ წამოვიდოდა, რადგან ვარჯიში ჰქონდა. ასე რომ, ბაზაზე უნდა დარჩენილიყო, რომ ევარჯიშა.

4 საათია ვმგზავრობთ და წესით, დარჩა სულ რაღაც ერთი საათი, მაგრამ დადგა ”მისტიკური” გადასასვლელის დრო, მარჯვნივ უნდა წავსულიყავით, მაგრამ მამაჩემმა აიტეხა, მარცხნივ გადავუხვიოთო. დედაჩემიც მაშინვე დაეთანხმა და ერთ საათში ცაგერში ამოვყავით თავი. მე თავიდან ნერვები მეშლებოდა, მაგრამ თავგადასავლებიც ხომ საჭიროა? რა გვექნა? გამოვბრუნდით უკან. ახლა მეორე გადასახვევი შემოგვხვდა. ამჯერად მამაჩემი მარჯვნივ უხვევდა, მაგრამ კიდევ კარგი, ამ ადგილას ადამიანი გამოჩნდა და მამაჩემაც ჰკითხა: ”მარჯვნივ ონისკენ წავალ?” კაცმაც უპასუხა: ”არა, რა ონი, ძმაო, ქუთაისისკენ მიდიხარო”. ცაგერი და ქუთაისი კი კარგია, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ნამდვილად არ მინდოდა არც ქუთაისი და არც ცაგერი. ერთ პატარა სოფელს – უწერას – ვეძებდით. საბოლოოდ, მივაღწიეთ უწერამდე. ახლა სასტუმროს არჩევის ჯერია. პირველი არ მოგვეწონა, მეორეში ადგილები არ იყო, მაგრამ როგორც იქნა, ლელა მასმა გაიგო ერთი სახლი, სადაც ოთახებს აქირავებდნენ და დავრჩით იქ.

ახლა კი მირამისობის დროა. ჯერ ლელა მასი და მისი მეგობრები – თინა და თამუნა –  ვნახეთ. მამაჩემი კი ამ დღის ნამდვილი გმირია. ფეხის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ გზაში 7 საათი მაინც გაძლო. ახლა კი მარიამის და თამუნას დადებულ მინიშნებებს, ისრებს, ტყისკენ გავყევით, მდინარე გადავიარეთ და მივადექით ადგილს, რომელსაც საქალაქე ჰქვია. გვანცა მასი მოწყენილი იყო, ეს რა გზებზე მატარეთო, მაგრამ მერე მოვიდა ხასიათზე. მირამისობაც დაიწყო. პირველი გაბრიელია. კითხვა არ იცის, მაგრამ ლელა მასისგან გაგონილ ამბებს იხსენებს და ჩვენ გვიყვება. წიგნს „ილის ქალაქი“ ერქვა. შემდეგ თამარი გამოვიდა ”ქარიშხლიანი უღელტეხილით”, შემდეგ მარიამი ”მე, რობოტით” და შემდეგ მე „მატილდათი“.

ქვაზე ვიჯექი, ჩემს გვერდით კი ულამაზესი ბუჩქი იყო, მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა, ვერ ვიგებდი, მარჯვნივ რა ხდებოდა. ლელა მასმა ვიღაც დაინახა და გახარებული მისკენ გავარდა. თურმე ნათია მასი იყო, სანდროსთან და თავის შვილებთან, კესოსა და გუგასთან, ერთად! მე ძალიან გამიხარდა!  დიდი ხანია არ მინახავს ნათია მასი. ნათია და გუგა ჩემ გვერდით დასხდნენ და ლაპარაკი ჩვენი სკოლის საზაფხულო ბანაკზე დავიწყეთ. მე ვერ წავედი, თამაშები მქონდა. ახლა კესოს ჯერი იყო და დედას უთხრა :”დე, ახლა ჩემი დროა!” მეც ვკითხე ნათია მასს: “მას, კესომ რა წიგნი უნდა წარადგინოს?”  კესომაც გაიკვირვა, სკოლის გარეთ მასს რატომ გეძახისო. მეც მკითხა, შევძლებდი თუ არა, სიტყვა მასის მოშორებას, მაგრამ, ალბათ, ვერასდროს ამოვიგდებ პირიდან ამ სიტყვას (მასს) !

ბოლოს წიგნებიდან ფრაზებიც გამოვიცანით და ამით დავასრულეთ კიდეც ლიტერატურულ კაფე. ჰო, კიდევ ძალიან მომეწონა ფრანგულენოვანი გოგოს გამოსვლა ფრანგული ჰარი პოტერით. საღამოს დიქსიტი ვითამაშეთ. ყველაზე მაგარი დიქსიტი იყო, რაც კი ოდესმე მითამაშია, რადგან ვთამაშობდით ერთად: მამაჩემი, დედაჩემი, მე, ლელა მასი (!!!), თინა (შეიძლება, მე თინას არ უნდა ვეძახდე და მის ნამდვილ სახელს თინათინს უნდა ვეძახდე, მაგრამ…) და თამარი.

მეორე დღეს საზაფხულო სკოლაა, მაგრამ არა სკოლაში – ლელა მასის ეზოში. ლელა მასი იწყებს ერთი ლიტერატურული ზღაპრის კითხვას ბარბარეზე. ჩვენც ვუსმენთ. ბოლოს კი სპექტაკლის დადგმას გვთავაზობს. მე, როგორც ერთადერთ ბიჭს, რა თქმა უნდა, მეფის როლი შემხვდა. დადგმის დროს ბევრი ვიხალისეთ, ლელა მასწავლებელმა live ჩართო და ჩვენც წარმატებით გავართვით თავი სპექტაკლს.

შემდეგ დღეს ჩრდილების თეატრი გვქონდა. ბევრი ვიშრომეთ. ლელა მასის მეზობელი ბავშვებიც გვესწრებოდნენ. თეტრი ხვარამზეზე იყო, პირველ მელექსე ქალზე. ჩვენ გამოვჭერით ხვარამზე, ვაჟიკა, ცხენი, გულქანი და დავიწყეთ კითხვა. მეც წავიკითხე. დედაჩემს ვთხოვე, ჩემთვის არ გადაეღო და რაც გადაღებული ჰქონდა, წაეშალა (ალბათ, ყველაზე მეტად ხელოვნებაში ხატვა და ფოტოგრაფია არ მიყვარს, უფრო ფოტოგრაფია ანუ ფოტოები). ისიც მაშინვე დამთანხმდა. ჩემს თვალწინ წაშალა ყველა სურათი. მეც გამიკვირდა, ასე მალე როგორ შეელია ფოტოებს. მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ ფოტოები მამაჩემისთვის ჰქონია გადაგზავნილი. მე ჯერ ლელა მასწავლებლის გარდა არავის დავკონტაქტებივარ, მაგრამ უცებ მარიამის ხმა ისმის: “მოგეწონა ჩვენი ოთახი?” ვაუ, ადამიანი დამეკონტაქტა?! ეს უკვე პროგრესია!

ახლა კი ყველაზე კარგი დღე ბოლო დღე. ლიტერატურული ზრაპარი წავიკითხეთ თამარ ვაშლოვნელზე. რატომ იყო ყველაზე კარგი დღე? იმიტომ, რომ უფრო ახლოს გავიცანი ბავშვები… ბევრი ვიცინეთ, დავხატეთ და ყველაზე მთავარი მარიამმა წერილი გადმომცა… ახლა კი ყველაზე ბედნიერი მომენტი: შიგნით ჯეიმს კერვუდის „კაზანიც“ იყო, თან ბარათებით. ბარათებზე მარიამის შეკითხვები ეწერა წიგნთან დაკავშირებით. მე კი 23 საათსა 4 წუთსა და 28 წუთში დავასრულე მისი კითხვა. რატომ წავიკითხე ასე მალე? წიგნი ბარათბით იყო გავსებული, თითქმის ყველა გვერდზე ბარათი იყო. მე კი ყოველ ბარათზე უზომოდ გახარებული ვიყავი და გაგიჟებული ველოდებოდი შემდეგ ბარათს! წარწერები აჭრელებულ ფურცლებზე რომ გხვდება წიგნში, რა ჯობია ამ შეგრძნებას?! მე, ალბათ, მხოლოდ გოლის გატანას ვამჯობინებ.

მადლობა ლელა მასწავლებელს და არა მარტო მას, რომ ასეთი თავგადასავალი მაჩუქეს! ❤

ავტორი: გიორგი გაფრინდაშვილი

38458366_1068032953376111_6980045605234016256_n

ჭრელი თბილი სვიტერი

წარმოიდგინეთ საკუთარი ხელით მოქსოვილი ფერადი, ღუნღულა სვიტერი. ქსოვა საკუთარ ფიქრებთან მარტო ყოფნაა. თვალიდან თვალი ამოგყავს. თბილი და ფერადი სვიტერი ცივი დღეებისთვის იქსოვება. არ იცი, რა გამოგივა, როდის ჩაიცვამ, როდის გაგათბობს. ჩვენი ლიტერატურული კაფეც ქსოვას მაგონებს. სანამ ერთად შევიყრებით, სანამ ჩვენი ერთად ყოფნის დღეებს გამოვამზეურებთ, მანამდე პატარა ამბებს ვქსოვთ. ერთი თვალიც რომ ჩაგეშალოს, უნდა ჩაჰყვე. ერთად ყოფნამდე სირთულეებიც ჩაშლილ თვლებს ჰგავს.

ნამდვილ კაფეში დაგეგმილი ლიტერატურული კაფე არ გამოგვივიდა.  გაგვიწვიმდა. დილიდან ცას შევყურებდი. არადა, გადადებაც არ გამოვიდოდა. ამ დღისთვის სამი თვე ვემზადებოდით.ბოლოს სკოლის კაფეში დაბანაკება გადავწყვიტეთ. არადა, ორმოც ბავშვს, ამდენივე მშობელსა და მოსალოდნელ სტუმრებს ნამდვილად ვერ დაიტევდა ერთი პატარა ოთახი.

ჩვენი სკოლა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გვერდით არის. შუაში პატარა კაფეა. ყავის საყიდლად შესულს გამახსენდა, რომ კაფესა და ინოვაციურ სტუდენტურ სამუშაო სივრცეს ერთი კედელი ჰყოფს. ბარში გოგონა ჩემთვის ამერიკანოს ამზადებს. ჩემი გონება გამალებით მუშაობს. ვეკითხები, ნეტავ, ლიტერატურული კაფეს მოწყობის ნებას თუ დაგვრთავენ-მეთქი. რატომაც არაო, გოგომ, რომელსაც მხოლოდ მისალმებით ვიცნობ და რომელიც ხშირად ამზადებს ჩემთვის ქაფქაფა ყავას. მოუთმენლობა მიპყრობს, ყავას დროებით ბარში ვუტოვებ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციისკენ მივქრივარ. სათითაოდ ვაკაკუნებ რექტორის, საინფორმაციო სამსახურის, დეკანის კარზე, ჩამიჩუმი არ ისმის. ის-ის არის, გამობრუნებას ვაპირებ, რომ სტუდენტი დერეფნის ბოლოსკენ მითითებს. კარს მიღმა კაფანდარა გოგო მხვდება. წამებში რეკავს და ყველაფერს აგვარებს. თანხმობას ვიღებთ და დარბაზისკენ მივყავარ. ყველაფერი ისე მხვდება, ვერც კი ვიოცნებებდი: მსმენელებისთვის გამოყოფილი სკამები, ფერადი პუფები, კომპიუტერი. აი, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვამზადებთ ხოლმე ასეთ დღეებში ინტერიერს. მინდა, ყველა მეგობარს დავურეკო და ვუთხრა, რომ ღმერთს ძალიან ვუყვარვარ.

მარიკა პირდაპირ ლექციიდან მოდის. ტალახიანი ფეხსაცმელების გასაწმენდად სკოლაში შევდივართ. ამასობაში ნინოც გვიერთდება. სანდრო მუყაოს ჩანთიდან ვარდისფერ ყვავილებს მაძლევს და ლეგოთი აწყობილ დიორამას მანახებს გურამ პეტრიაშვილის „ელისა და რარუს“ ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით აწყობილს. მერე ძველ ყურსასმენებს იღებს, ისეთივეს, როგორიც ელის ჰქონდა. ანტენებად წებოვანი ლენტით კალმის გულები დაუმაგრებია. ერთი გზაში მოსძვრა და წამში დავამაგრებო, მამშვიდებს. მერე ზვიო და თეკლა გვიერთდებიან, სახლიდან პოსტერებითა და ათასი წვრილმანით მამარაგებენ.

გაბრიელი და სანდრო მუყაოს ყუთს დაატარებენ და საკლასო ოთახში იკეტებიან, დიორამის დამზადებას აპირებენ. წვიმა ძლიერდება და სუსხიანი ქარი ქრის. ზაფხულის კვალობაზე ცივა. თავს ვუყრით ხელნაკეთ ბალიშებს, წიგნებს, პოსტერებს, ყველა საჭირო ნივთს და დარბაზის წინ ვახვავებთ. როგორც ასეთ დღეებში ხდება ხოლმე, ქაოსი იქმნება, რომელსაც მეგობრების დახმარებით ცოტა ხანში წიგნიერ გარემოდ ვაქცევთ.

ნელ-ნელა ბავშვები და მშობლებიც მოდიან. ჩემი მეგობარი ქრისტინა მოფრიალებს. ულამაზესია. ხელის აწევით ვანიშნებ მიმართულებას და ისევ საქმეს ვუბრუნდები. ყველაფერი რომ ჩაივლის, გავიხსენებ, რომ ბოლოს უწერაში  ზღვიდან პირდაპირ ჩვენთან მოვიდა, მოგვისმინა, ლიტერატურაზე გვესაუბრა და სიხარულით აგვავსო. ახლა კი თბილისის სკოლაში იყო ჩემთან ერთად. დღესაც სულ ვგრძნობდი მის სიყვარულით სავსე თვალებს. რა მაგარია, როცა შეგიძლია შენი არსებობით ადამიანს სითბო და სიყვარული აჩუქო, ძალა შემატო.

მერე თამოს ვხედავ. ნელ-ნელა მღელვარება ქრება. თამო ისეთია, შენ გვერდით არის და ძლიერი ხარ. ბოლოს ასეთი ამბების მონაწილედ რაჭაში იყო.  ისევ სვიტერის ქსოვას ემსაგვსება ეს ყოველივე. ოქტომბრის თბილ დღეებში ერთად გავემგზავრეთ მეცამეტე მირამისობის მოსაწყობად. გზაზე მელიამ გადაგვირბინა, ღამით ცაზე ორიონი ვნახეთ, რაჭველი გოგო-ბიჭები წიგნებზე გვესაუბრნენ.

ვიწყებთ ჩვენს დღეს. ჯერ არ ვიცი, რა იქნება, რა როგორ გამოგვივა. ორმოცი ბავშვი და მათი გულშემატკივრობა დიდ ენერგიას მოითხოვს, უნდა შეეხიდო, უნდა მოუსმინო, უნდა შეაქო, უნდა ჰკითხო, უნდა აგრძნობინო, რომ საინტერესოა, უნდა გაიხსენო განსაკუთრებული ამბები, უნდა მოყვე, პროცესი უნდა წარმართო და კიდევ ათასი „უნდა“ უნდა გაიხსენო.

სახლში დაბრუნებულს მეგობრებისთვის მოსმენა გამიჭირდება იმიტომ, რომ სათითაოდ დაიწყებენ ტივტივს ბავშვების სახეები, სიხარულით აბრჭყვიალებული თვალები, მათი ნათქვამი სიტყვები, მოულოდნელი შეკითხვები.

თავდაპირველად გგონია, რომ ყინულის კედელს ეჯახები. სიტყვები პეპლებივით დაფარფატებენ და თითქოს აზრს კარგავენ. მერე გრძნობ, როგორ ლღვება ნელ-ნელა ყინული.

ცოტა ხანში  ლალის ვხედავ,  პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ხელმძღვანელს. მახსენდება ჩვენი სამწლიანი ურთიერთობა. ოთხი წლის წინ, ორკვირიანი ტრენინგის  შემდეგ  პროგრამის მონაწილეებს, სანამ სხვადასხვა კუთხეში გავიფანტებოდით, საკუთარი თავის წარდგენა დაგვავალეს. მახსოვს, მღელვარებისგან საკუთარ ხელებს ვებღაუჭებოდი და სიტყვებს ძლივს ვუყრიდი თავს. არ მახსოვს არც ერთი აქტივობა, უყურადღებოდ რომ დავეტოვებინე. ყოველ ზარს გულისხმიერებით პასუხობდა, მანუგეშებდა, მამხნევებდა. სამასი კილომეტრიც გამოუვლია სპექტაკლზე დასასწრებად და ახლა, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, თავის გოგონასთან, ანისთან ერთად ჩვენთან არის და გვისმენს.

მალე ათი წლის ლუკა ანე-კატერინე ვესტლის მოთხრობიდან ერთ-ერთ ეპიზოდს გაგვაცნობს. დიდი ოჯახი ველოტურით დანიაში გაემგზავრება. გზაში გაუწვიმდებათ. გაილუმპებიან. უცნობი მძღოლი საბარგო მანქანით ოჯახს სასტუმროში წაიყვანს. მადლიერების ნიშნად, სხვა რომ არაფერი ჰქონდათ, ნორვეგიული თხის ყველი აჩუქეს მძღოლსო. ლუკას სიკეთისა და მადლიერების გამოხატვა ხიბლავს.

ათი წლის გაბრიელი ამბობს, რომ ვერ მოასწრო დიორამის გაკეთება და საუბრისგან თავს იკავებს. როგორ არ გააკეთეო, წამოხტება სანდრო და მუყაოს გადაჭრილ ყუთს მოაცუნცულებს, რომელშიც მისტერ დენიელსი და ელი მოუთავსებიათ, სახელდახელოდ დაფაც გამოუძერწავთ და გაბრიელიც თამამდება. კატო შავად შეღებილ ყუთს გვანახებს, სადღაც კუთხეში პლასტილინის ელი მიყუჟულა. ეს ის ეპიზოდია, მისტერ დენიელსს წერილს რომ მისწერს, როგორ აღიქვამს თავის თავსო. კესო მთავარ სათქმელზე ამახვილებს ყურადღებას, სკოლის ფორმის ნაცვლად საგანგებოდ ლიტერატურული კაფესთვის ნაყიდი კაბა აცვია და ძალიან უხდება. ოთო საჩქაროდ პოულობს ოცდამეშვიდე თავს, სახელად – „თევზი ხეზე“.

სტუმრებში იას ვამჩნევ. ვერ ვიჯერებ. ია ჩემი პროგრამის მონაწილე იყო. სვანეთის ულამაზეს სოფელში, იელში, ასწავლიდა. რამდენჯერ მომსვლია მისი წერილი რაჭაში. ვიდექი უწერის სკოლის სამასწავლებლოს ფანჯარასთან, მზეს ვეფიცხებოდი და მისი წერილებით ვტკბებოდი. ახლა იაც ჩვენთანაა. კიდევ ერთი თვალი ჩვენი ფერადი სვიტერისთვის.

„მექალაქიდან შენქალაქისკენ“ – ახალი ჯგუფი გვაცნობს მირსინი ვინგოპულოსის წიგნს. ანდრიას დიორამა აღფრთოვანებას იწვევს. განსაკუთრებით, ჯიუტას სახე და ყვავები გვხიბლავენ. ერთმანეთის საუბარს ისმენენს, აგრძელებენ. როლები განაწილებული აქვთ, ვინ მთავარ სათქმელზე ამახვილებს ყურადღებას, ვინ პერსონაჟებს გვაცნობს, ვინ სათაურს განმარტავს. ანასტასია გვიმხელს, რომ წინა საღამოს დოდოშკასთან შეიკრიბნენ დიორამის გასაკეთებლად, მაგრამ მხოლოდ წამოსვლის წინ გაახსენდათ თავშეყრის მიზეზი. ანასტასიას გულწრფელობა გადამდებია. მოგვიანებით ვიოლინოზე დაუკრავს და თვალში მხვდება მისი მაისური, რომელზეც სიტყვის რუკა დაუხატავს და სიტყვად აურჩევია „გულისხმა“. უსმენთ ხოლმე თქვენს გულისხმას? რას გეუბნებათ?

„ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ – ჩემი საყვარელი სათაური. ეს დღეც ერთი გრძელი დღეა. დათი გერმანიიდან ჩამოფრინდა და პირდაპირ ჩვენთან მოვიდა. ორი საათიც არ ეძინა. მაინც აქტიური მსმენელია, კითხვებს სვამს. გერმანულ ენაზე  მიხაელ ენდეს „დაუსრულებელი ამბავი“ და „მომო“ ჩამოგვიტანა. გიორგიმ დედასთან ერთად ბიცოლა მოიყვანა. აქტიური მკითხველია და გვიხარია მისი ჩვენთან ყოფნა. თამარს დიორამისთვის წინდები გადაუჭრია და ლეიბები შეუკერავს, რომ სხვა პლანეტიდან ჩამოვარდნილი  არსებები რბილად დაეცნენ.

ვყვებით ბალიშების შეკერვის ამბებს. ერთ დილას ლილოდან მოზიდული ფერადი ნაჭრები, სილიკონი, საკერავი მანქანა  ზვიოს მანქანაში მოვათავსე და სკოლაში მივიტანე. საკერავ მანქანასთან სათითაოდ ვსვამდი, ბიჭები და გოგოები დიდი მონდომებით კერავდნენ ლიტერატურულ ამბებს.

ვიხსენებთ სანდროს აკვიატებულ კედელს, რომლის დახატვა არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლის“ ბალიშისთვის გადაწყვიტა. მოსვარა ყველაფერი. დაისვარა მაისურიც. ვუყურებთ ყველა. არ გვეპუება. მოულოდნელად საბა ეკითხება, რა კედელს ხატავ, სანდროო და გვიტყდება ყველას სიცილი. სხვებსაც ვუყვებით ამ ამბავს და მსგავსი თავშეყრის ერთ-ერთი მიზეზიც იკვეთება – ამბების მოგროვება.

შერონ დრეიპერის „გონების მიღმა“ – მარიამი და ნუცა ნიკოლოზისა და ანდრიას არყოფნის გამო საუბრის თემას ინაწილებენ. მარიამმა აკვარიუმი მელოდის გონებას შეადარა, თევზი – მელოდის. მელოდის ასე ცდილობს, თავის გონებას დაეხსნასო. მერე იხსენებენ ერთ-ერთ ეპიზოდს, თუ რომელ ჟანრს უსმენდნენ მელოდის მშობლები და ფერებიც მელოდის აღქმის მიხედვით შევარჩიეთ ქანთრის, ჯაზისა და კლასიკისთვისო.

ამასობაში ნათია მოდის. ჩემი მეგობარი მასწავლებელი. მისი დანახვა ციცინათელას გამოჩენას ჰგავს. საღამოვდება თან. ორი დღეს მერე კვლევისთვის კითხვარში ერთი მეხუთეკლასელი ბიჭი ჩაწერს, რომ ყველაზე აქტიური მსმენელი ნათია ფურცელაძე იყოო, თან თუ ზუსტად მახსოვს გვარიო. ნათია დღის ბოლომდე რჩება ჩემთან. ერთად ვალაგებთ დარბაზში სკამებს. წვიმამ იმატა. ჩამოიბურა. ნათია საჯარო ბიბლიოთეკისკენ მიეშურება.

რვა წლის თეკლა თავის დაწერილ წიგნს „კაკტუსების ქალაქს“ გვაცნობს. გვიმხელს, რომ უწერის სკოლის მოსწავლის, ნინის „18-მა შიშმა“ მოანდომა წიგნის დაწერა. 13 წლის ნინი ფენტეზის ჟანრის მოყვარულია. როგორც ჩანს, თეკლას მოეწონა მისი წამოწყება. წიგნისთვის ილუსტრაციებიც თვითონ დახატა, წინასწარ შექმნა სარჩევი, მოიფიქრა თავები, სიუჟეტი და წერა მერე დაიწყო.

ქეთი და ნათია – მეხუთე კლასის დამრიგებლები რომ არა, ჩვენი დღე არ იქნებოდა ასეთი მშვიდი და ორგანიზებული. მათი თანადგომა ჩვენთვის – ჩემთვის და ბავშვებისთვის პირადი მაგალითია იმისა, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა, მზრუნველობა, თანადგომა.

დალი მთელი დღე ჩვენთანაა. ოთხი წელი ერთი კლასის დამრიგებელი იყო. ინტერესით უსმენს თავის მოსწავლეებს.

ერთად ყოფნა, რომელსაც წიგნებს ვუკავშირებთ, იმითაც არის განსაკუთრებული, რომ მშობლებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, უცნობ თუ ნაცნობ ადამიანებს ჩვენთან ყოფნის სურვილი უჩნდებათ. მამების აქტიურობას ყველა ვამჩნევთ: ყურადღებით გვისმენენ და გვგულშემატკივრობენ.

ნიკა დაგვიანებით მოდის. მისმა ჯგუფმა უკვე გაგვაცნო „მექალაქიდან შენქალაქისკენ“. ნიკა მარტო ჯდება და საყვარელი ეპიზოდის შესახებ საუბარს იწყებს. თამამი და ხალისიანია. მერე ხშირად გაგვახსენდება მისი გაბედულება.

გემრიელ ლუკმად ვინახავ რაჭველი მეცხრეკლასელი გოგონების, მარის და თამუნას, საპასუხო წერილებს. აბა, როგორია, ორმოცი წერილი დაწერო და თან გაითვალისწინო რამდენიმე აბზაცში გამოკვეთილი თითოეული ბავშვის ხასიათი, უპასუხო მათ შეკითხვებს, მოიფიქრო წიგნები და ათი წლის ბავშვებს წაკითხვა მოანდომო. ჩემმა გოგოებმა კი ამაზე მეტი შეძლეს. ორმოცი წერილი ერთ დიდ, ხელნაკეთ კონვერტში მოუთავსებიათ. ქალაქელი ბავშვები რაჭიდან ჩამოსული წერილების ამბავს იგებენ და ჟივილ-ხივილით ალყაში მაქცევენ. ყველა თავის წერილს ელის. სათითაოდ ვათვალიერებეთ კონვერტის ნახატებს. წარმოუდგენელი ამბავი იყო. დაუვიწყარი ემოციები. პროექტსაც ხომ ასე დავარქვით „მიმოწერილი მთა და ქალაქი“. მთასა და ქალაქს შორის წერილებმა მართლაც გააბეს საინტერესო ურთიერთობები. მოგვიანებით ათი წლის გოგო დაწერს, რომ რაჭის წერილები არასდროს დაავიწყდება, რადგან პირველად დავეკონტაქტე ადამიანს ფოსტითო.

ერთი წლის განმავლობაში მესამედ შევიკრიბეთ. ლიტერატურული კაფე უკვე ყველას ძალიან უყვარს. ხშირად ახსენებენ. ახალ იდეებს მთავაზობენ. სახელიც შევურჩიეთ – „ჰემლოკი“. სარა პენიპეკერის „პაქსში“ აღმოვაჩინეთ. მარადმწვანე ხეა, ფიჭვისებრთა ოჯახიდან. რადგან ბლოგისთვის უკვე გვქონდა  შერჩეული „საწიგნეთი“, კაფეს უცხო სიტყვა შევურჩიეთ.

ერთად ყოფნისას შესაფერისი დრო ვერ ვიპოვე და ამ წერილით მინდა გითხრათ ერთი განსაკუთრებული ამბავი. ლიტერატურული კაფეში წიგნების ირგვლივ ერთმანეთის საუბარს რომ ისმენენ, მერე წაკითხვის სურვილი უჩნდებათ. ასე წაიკითხა ათი წლის გიორგიმ ჩემი წიგნი – ემი იტერანტას „წყლის საიდუმლო“. ერთხელ სამასწავლებლოში მომაკითხა და თავისი წიგნი „playlist-ის საიდუმლო“ მომიტანა, მახსოვს, წაკითხვა მოგინდათო. მეც გვერდზე გადავდე გოეთეს „ფაუსტი“ და  გიორგის არჩეული ავტორის კითხვას შევუდექი. მოსწავლე-მასწავლებელმა ერთმანეთის წიგნები წავიკითხეთ.

დაწერეს შთაბეჭდილებების წერილები. გადავიღეთ სურათები. ისედაც ნისლიანი დღე იყო და ნაადრევად ჩამოიბურა. ისევ ქაოსად იქცა ჩვენი პოსტერები, ხელნაკეთი ბალიშები, დიორამები.

მთელი დღე ხომ ლიტერატურაზე ვსაუბრობდით, თვითონ ამბავიც ხომ ლიტერატურას დაემსგავსა, მოგვიანებით კი თინამ ჩარლზ დიკენსის მუზეუმიდან ჩამოტანილი უბრალო ფანქრები და ბარათების ჩასადები მაჩუქა. თიკომ კი გარსია ლორკას ლექსის თავისი თარგმანი გამომიგზავნა:

„მოდი, ტყისმჭრელო და

მოკვეთე ეს ჩემი ჩრდილი,

მიხსენ ტანჯვისგან:

უნაყოფო სხეული მიმზერს.

სარკეებს შორის ვიბადები

დღისით მზის შუქში,

ღამით კი ცაზე თავს ვპოულობ

ვარსკვლავთა გუნდში.

მინდა, ვიცოცხლო,

ვერ ვხედავდე საკუთარ აჩრდილს,

მწერების ნაცვლად

ოცნებებმა შემმოსონ მწვანით.

ტყისმჭრელო, მოდი და

მოკვეთე ეს ჩემი ჩრდილი.

მიხსენ ტანჯვისგან,

უნაყოფო სხეულის ხილვის!“

 

 

 

 

 

 

 

დავალებიდან სიამოვნებამდე

სკოლა დამთავრდა, ხოლო ლელა მასი წიგნების ჩამონათვალს გვიგზავნის და გვთხოვს, რომ რამოდენიმე მათგანი წავიკითხოთ. მეც ვკითხულობ ჩამონათვალს და… მატილდა, მაშინვე მოვიხიბლე. დედაჩემი კი უკვე ხვდება, თუ როგორ წავუღებდი ტვინს და დაძბული თვალებით მიყურებს.

მახსოვს კვირა დღე იყო. დედაჩემი მუშაობს. მამაჩემიც მუშაობს. მე უკვე დიდი ხანია მატილდას ვეძებ. ერთ დღესაც გახარებული დედაჩემი „მატილდას“ (წიგნის) სურათს მიგზავნის და მეუბნება, დე, წიგნი გიყიდეო. მეც გახარებული ველოდები საღამოს, ხოლო მანამდე მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურებ – კოსტა რიკისა და ბრაზილიის მატჩი მიმდინარეობდა.

საერთოდ, წიგნის წაკითხვამდე ავტორსა და სათაურს ვაკვირდები. „მატილდა“ – როალდ დალი, აქამდე ჩემთვის უცნობი მწერალი ნაცნობი გახდა. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, ქალია თუ კაცი. ზოგი იფიქრებს, მაგის მოძიებას რა უნდაო,  მაგრამ ახლა თავში სტატიის იდეები მიტრიალებს და მერე დამავიწყდება.

წიგნი უმარტივესად იკითხება, ეს იმას არ ნიშნავს რომ მალე წაიკითხავ, უბრალოდ, ასე ვიტყვი, რომ შემთრევი წიგნია, პირველ დღეს 6 თავი წავიკითხე, მეორე დღეს -11 და მესამე დღეს – 5 – აი ამ შემთრეველობის ნათელი მაგალითი.

წიგნი ერთ გოგოზეა, რომელიც ცხოველებისგან არაფრით განსხვავებულ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს. ისინი მხოლოდ ჭამენ, სვავენ და ასე ერთობიან. დედამისი, ქალბატონი ვორმვუდი, ყოველდღე ბინგოს თამაშობს, ხოლო მამამისი არაკანონიერად ყიდის მანქანებს. სახლში მოსვლისთანავე იტყოდა, ნახერხი – ესაა ჩემი წარმატების ერთ-ერთი საწინდარიო. მატილდას სკოლაში შესვლა უნდა და მოხვდება მის თრანჩბულის, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე მკაცრ სკოლაში და აქ შეხვდება ადამიანი, რომელიც გახდება მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ რატომ ამას წიგნიდან გაიგებთ. მატილდას გააჩნია ძალა, რომელიც მისი ცხოვრების ერთ ნაწილში უმნიშვნელოვანესი გახდება.

უკვე რამოდენიმე პერსონაჟი გაგაცანით, მაგრამ მინდა მის ჰანი გამოვარჩიო. მის ჰანი უშიშარი გოგოა. მას შეუძლია ადამიანის დაცვა ყველანაირი სიტუაციაში. ჰანის საყვარელი თოჯინაა ლიზა, დღემდე თრანჩბულის ხელში იქნებოდა, რომ არა მატილდა და მისი გამბედაობა.

ალბათ, ყველამ იცით, რომ საბოლოოდ სიკეთე იმარჯვებს, ჰოდა, ეს წიგნი რითი ჩამოუვარდება სხვებს?! მეც ამასთან დაკავშირებით გაგაცნობთ ერთ-ერთ ეპიზოდს. საოცარია არა, რომ ძალიან პატარა, 6 წლის გოგოს შეუძლია დიდი, გამოცდილი მასწავლებლის გამხნევება? მის ჰანი შეშინებულია იმის გამო, რომ თრანჩბული მიხვდება, თუ ვინ არის ლიზას ნამდვილი მესაკუთრე, მაგრამ როგორც ჩანს, მატილდა ამისთვის მომზადებული იყო და თავისი მაგიური ძალით, ანუ თვალებით, დაფაზე ისეთი რამ დაწერა, რაც თვით თრანჩბულსაც კი შეაშინებდა. ახლა კი იმას გეტყვით, თუ რატომ მომეწონა ეს ეპიზოდი. ყველა ადამიანს აქვს დაბადებიდან ძალა, მაგრამ ამ ძალას გამოყენება და მუშაობა სჭირდება. როგორც ჩანს, ეს გოგონა ჩემნაირად ფიქრობს და თავის შესაძლებლობებს იყენებს.

მოდი, ბოროტი და კეთილი შევადაროთ, ანუ თრანჩბული და მის ჰანი. მის ჰანის შეუძლია, სრულიად უცხო გარემოში დარჩეს ის, ვინც არის. ვგულისხმობ, სკოლაში, სადაც ყველა მის თრანჩბულს ემორჩლება, კეთილად დარჩენა ძალიან ძნელია, მერწმუნეთ, ხოლო ბოროტიდან კეთილად გადაქცევაც არ არის იოლი საქმე. ვფიქრობ, მთავარი რწმენაა, რაც თრანჩბულს არ გააჩნია.

ტექსტის გაგება-გააზრებაში ბუკლეტი დამეხმარა. ჩემი მინუსი კითხვის დროს ის არის, რომ ხანდახან პერსონაჟების სახელები მავიწყდება. ჩავიხედებოდი ჩემს ბუკლეტში და მაშინვე ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდებოდა. მე ამ ნაწარმოებიდან ერთ რამ დავადგინე, ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი რამ გაბედულობაა. გაბედავ, გამოგივა, არ გაბედავ და არა.

მატილდასთვის მის ჰანი მხოლოდ მასწავლებელი არ არის. ჩემს ცხოვრებაშიც არის რამოდენიმე მის ჰანი, ნუ ბევრი არა, მაგრამ 1-2 ნამდვილად არის. დასახელებას არ ვაპირებ, იმედია ხვდებით რატომაც.

ახლა კი ბოლო ნაწილი, ერთი სიტყვით, ვისაც ეს წიგნი არ წაგიკითხავთ, გილოცავთ. თქვენ ნამდვილი დღესასწაული გელოდებათ.

ავტორი: გიორგი გაფრინდაშვილი

V კლასი

Top of Form 1

ფესტიბილება

დღეს ორშაბათია, მე კი გახარებული ვარ, სკოლას ვაცდენ, თან ფესტივალი მეწყება, ხოლო ფეხბურთი ჩემთვის რამხელა სიამოვნებაა, ამას ცოტა ხანში გაიგებთ. დილას ადრე ავდექი, 10 საათი იყო. დედაჩემი და მამაჩემი წასულები იყვნენ, მე კი მარტო ვარ ჩემს საყვარელ 6 ნომრიან მასიურთან ერთად  და 3 გიტარასთნ, რომელიც უკვე ძალიან მაღიზანებს (ჩემი ძმა გიტარაზე უკრავს და 3 გიტარა აქვს). საერთოდ, სათამაშოდ მომზადებისთვის დიდი დრო მჭრდება, მომზადებაში გეტრების და ბუცების ჩაცმას არ ვგულისხმობ. თამაშისთის ფსიქოლოგიურად მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია.

ახლა კი უშუალოდ თამაშზე გადავიდეთ. პატარა ცრურწმენებიც მაქვს, რამოდენიმეს გეტყვით. მაგალითად, თამაშის წინ გასახდელში ბუცებს ველაპარაკები, მოედანზე გასვლისთანავე მინდორს 3-ჯერ ხელს ვუსვამ და ბურთს ვეფერები. როცა კი ჩემს გუნდელებთნ, მოწინააღმდეგეებთან და მსაჯებთნ ერთად გავდივარ უკვე მაყურებლის მისასალმებლად, ყოველთვის ბოლო ვდგავარ რიგში. ახლა კი მთავარი, თუ მამაჩემი მიყურებს კარგად ვერ თამაშობ. არც მეჩხუბება, არც არაფერი ,უბრალოდ ასეა.

პირველი თამაში წარმატებულად დავასრულეთ. „დინამო სკოლას“  ვძლიეთ 3-1.

მეორე დღეს,  უკვე სამშაბათს „მერანს“ ვეთამაშებოდით. ძალიან სუსტი გუნდი იყო, მაგრამ ყველაზე სამწუხარო და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მიკრო ტრავმა მივიღე. დედაჩემმა ‘’ოპერაცია’’ გამიკეთა. იმხელა ბინტი მეკრო ფეხზე, ვერც კი წარმოიდგენთ.

მესამე დღეა 2 თამაში გვაქვს ზედიზედ. მე ძირითდად სამ პოზიციცაზე ვთამაშობ/; მარცხენა მცველი, ცენტრალური ნახევარმცველი და საყრდენი ნარხევარმცველი. ეს თამაში სასტარტო შემადგენლობაში დავიწყე. ფეხბურთს ექვსი წელია ვთამაშობ. უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც არ გამიტანია გოლი. მატჩიც დაიწყო. კარგად მივდივართ. უპირატესობას ვფლობთ, ზუსტად მახსოვს 16 წუთი და 36 წამი იყო გასული და ბურთი მომივიდა, დავარტყი და გავითიშე. ალბათ კარგად მიხვდით, რაც მოხდა – გოლი გავიტანე თან დაცვიდან, ეს თქვენ სახუმარო ამბავი არ გეგონოთ. ერთი სიტყვით, უბედნიერესი ვარ! ნახევარფინალის დრო დადგა. ცოტას ვნერვიულობ. ტრენერი სასტარტო შემადგენლობას აცხადებს. დაცვაში არ ვიყავი, გამიკვირდა, მეგონა, ძირითადში საერთოდ არ ვიყავი, მაგრამ ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება: „გაფრინდ, შუაში დაიწყებ!“ როცა შუაში ვარ, მგონია, რომ ჩემზე ბედნიერი არავინ არ არის. მატჩიც დაიწყო, 6-0 მოვიგეთ. მე კი 2 ასისტით დავასრულე მატჩი. კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით.

ახლა კი საფინალო აბზაცის დროა, და მგონია,  რომ ამ აბზაცს ყველაზე მეტ ადგილს დავუთმობ. დინამოს აკადემიას ვეთამაშებით. მოედანზე 8 ბავში თამაშობს. 2 წლის წინ იდეალური შემადგენლობა გვყავდა, მაგრამ 4 ბავშვი წავიდა, აქედან 3 – დინამოში. თამაში დაიწყო. ჩვენდა გასაკვირად, უპირატესობას ვფლობდით და პირველივე წუთზე გავიტანეთ. მაგრამ 23-ე წუთზე გაათანაბრეს დინამოელებმა. გასახდელში შევედით. ყველა მოტივირებულია. ბევრი ვილაპარაკეთ, გავამხნევეთ ერთმანეთი და გავედით. გაგრძელდა თამაში… ბოლო წუთებია. ერთ-ერთი დინამოელი ცუდად აწვდის აუტს. ჩემი გუნდელი კი ბურთის ასაღებად მიდის, ამასობაში თავდამსხმელი “ტანს დგამს” და თამაშს აგრძელებს, შედის საჯარიმოში, არანაირი კონტაქტი, ბურთზე ვარდება და ინიშნება თერტმეტმეტრიანი. გამორბენი, დარტყმა და გოლი. ახლა კი რაღაცას ვიტყვი, გასაგებია არ ვართ რობოტები და ყველას ეშლება რაღაც, მაგრამ ისმის კითხვა: რატომ არც ერთ მსაჯს არ ეშლება არაფერი ჩვენს სასიკეთოდ? საინტერესო კითხვაა, არა? მაგრამ რაც არის არის! ასევე აღსანიშნავია, რომ ჩემი გუნდელი და ამავდროულად თანაკლასელი გუკა საუკეთესო თავდამსხმელი გახდა (არადა, სულ 2-ჯერ ითამაშა თავდახმაში, ისე მარჯვენა ნახევარმცველია).

P.S: დავუბრუნდეთ სათაურს. ალბათ, მიხვდით რატომ დავარქვი ამ წერილს ფესტიბილება.

ავტორი: გიორგი გაფრინდაშვილი

ერთხელ რონიამ გაკვეთილი ჩაგვიტარა

როლური გაკვეთილი – ეს გაკვეთილი სულ მემახსოვრება, რადგან ამ დღეს ძალიან დიდი სიურპრიზი მოგვიწყო  ლელა მასწავლებელმა.

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელმა დაგვირიგა პატარა ფურცლები, რომლებზეც ეწერა სხვადასხვაგვარი კითხვები. მაგალითად, მე შემხვდა კითხვა: როდესაც დაიბადე, რომელ სახელს გარქმევდნენო. მე კი ვუპასუხე, რომ თავიდან ანის დარქმევა უნდოდათ, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს. შემდეგ სხვადასხვა კითხვებზე პასუხი მოვისმინეთ და მხოლოდ მაშინ დადგა სიურპრიზის დრო. ეს სიურპრიზი კი იყო რონიას ფორმაში გადაცმული ლელა მასწავლებელი, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. შემდეგ წავიკითხეთ ნაწყვეტები წიგნიდან  „ყაჩაღის ასული რონია’’

ზუსტად ამიტომ არ დაგვავიწყდება ეს დღე მე და ჩემს კლასელებს.

ავტორი: მარიამ ზუმბულიძე

980x530-1001358